იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 24 Feb 2020, 05:29

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 5 posts ] 
Author Message
 Post subject: * * * * * სადღაც ვიპოვნე
PostPosted: 05 Feb 2020, 09:22 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10927
Location: თბილისი
* * * * *
- ჯერ კიდე ცოცხალიაო . . .საცოდავი.
- დიდი ხანია ეჭვიანობდა და . . . არ აპატია!
- ხოო . . დიდი ხანია . . . ციხეში რო იჯდა, იქიდან მოყოლებული . .
- თურმე მასხრათაც იგდებდაო შეთეს . . .
- იგდებდა და ეგე! არ აპატია ! ...
-ამ სიტყვებით გაგვისწრო სამმა ქალმა, შემთხვევის ადგილზე მიმავალ მე და ჩემ ბავშვობის „ძმაკაცს“ გოგას, მეოთხე კლასელ ბალღებს თუ “ძმაკაცები” ეთქმის!
– „ყონაღი“ სადა გყავსო ?! - გადმომძახებდა ხოლმე ცხენის „ტაჭკიდან“ გოგას მამა , თუშურქუდიანი, მთელი კვირის წვერგაუპარსავი, მინდვრიდან რომ ბრუნდებოდა ხოლმე, მხარზე გადაგდებული შოლტითა და „კოფოს“ უკან, შალაფა ბალახებში სანახევროდ ჩამალული ხასხასა, დიდი საზამთროებით. გვერდზე ამივლიდა, აატარებდა ბალახისა და ცხენის ოფლის სუნს და გადაუხვევდა ორღობეში, თავისი სახლისკენ. რატომღაც, ყოველთვის მეგონა, რომ უბეში, ან „ტაჭკის“გვერდზე მიკრულ მოწნულ კალათაში „ნაგანი“ ედო. არ ვიცი, ეს წინათგრძნობა საიდანა მქონდა, მაგრამ დარწმუნებული კი ვიყავი. . .
- სამი ესროლა.
- მეოთხეც უსვრია, მაგრამ არ გავარდაო . . .
- ხოო . .ძველი „ტეტე“ იყო. . . „ტეტე“ ჭედავს . . . უხსნიდა შემთხვევის ადგილზე მოგროვილ მეზობლის კაცებს ხანში შესული, „კირზის“ ჩექმებიანი თარიმანა. ქალები ცალკე შეკრებილიყვნენ და ვიშვიშებდნენ. ბალღები სახლების პირველი სართულის ფანჯრის რაფებზე ისხდნენ და იქიდან იყურებოდნენ.
სოფელში ძირითადად ზაფხულის სამ თვეს ვატარებდი, მაგრამ მაშინ მგონი ზამთარი იყო , ან გვიანი შემოდგომა, შეიძლება გიორგობას ჩავედით დედაჩემის სოფელში . . . ყოველ შემთხვევაში იმ თარიმანაზე ჩექმების გარდა, ნაცრისფერი „ბუშლატაც“ მახსოვს, დაზოლილი, პატიმრებს რომ ეცვათ გადასახლებაში. ბებიაჩემი კერავდა თურმე ასეთებს, თავისი „ზინგერით“. მკერავი იყო და ომის დროს ამ ხელობით არჩენდა უკაცო ოჯახს. მთელი სოფელი ჩემი შეკერილი პალტოებით დადიოდაო - გვიყვებოდა სიბერეში. რაც ეს „ფეხის საკერავი მანქანა“ გვიწვალებია ბავშვობაში - მექანიზმზე ღვედს გადაგვიძრობდნენ ხოლმე და ეხლა ატრიალეთ რამდენიც გინდათო! გადაგვირჩა „ზინგერი“ უვნებელი. ზინგერმა კი გაგვიძლო, მაგრამ პატეფონმა ვერა - როგორც ჩემი ალგებრის მასწავლებელი იტყოდა - „დავშალეთ მარტივ მამრავლებად“. შიგნიდან წითელ მაუდგამოკრულ ყუთს წვრილმანების ჩასაყრელად თუ გამოიყენებდა კაცი. უნიკალურ ფირფიტებს, მარეკ ვებერის ფოქსტროტით „რიო რიტა“, „ყვავილების ვალსი“ და სხვა 40-იანი წლების მელოდიებით, რკინის შავრიკულებიანი აივნიდან ვაფრიალებდით - აბა მსხლის ხეს ვინ გადააცდენსო. შემოდგომის მსხალი იყო, რომელიც დაკრეფის დროს მკვახე და უგემურია, იანვრამდე შენახული კი წვნიანი და გემრიელი. მსხალს განჯინაში ინახავდნენ. განჯინა გამახსენდა და განჯინის სუნი. სახლში ორი განჯინა იყო. ორივეში განსხვავებული სუნი იდგა. ერთში მარტო დაშაქრულ ჩურჩხელებსა და ხილს აწყობდნენ და მსხლის არომატით იყო გაჯერებული. მეორე განჯინაში არყის გრაფინა „ვიშნოვკით“, ვარდის მურაბა, მარილში გადაზელილი, დანაყილი ნიგოზი და პომიდვრის საწებელიანი ბოთლები ეწყო მუდმივად. მარანში, ერთ კუთხეში ფქვილის ამბარი იდგა, მეორეში ცხვრის ყველის გუდა და წაკით სავსე ქვაბი, ჭერზე ჩამოკიდებული საპურე ლასტი და უკანა კედელზე აყუდებული შავი ნაბადი, რომელიც ყაჩაღივით „გიყურებდა“ ყოველ შესვლაზე. მეორე სართულზე, დიდი მისაღები ოთახი და კედლებზე შვილების ხის ჩარჩოიანი ფოტოები. წინა ოთახში, ღუმელი და ზედ მუდმივად შემომდგარი მოშიშინე სპილენძის თუნგი. „შიფანერკის“ თავზე, ლეკური ხანჯალი იყო შემოდებული. მისი ჩამოღება სასტიკად გვეკრძალებოდა და თქვენ წარმოიდგინეთ, მიუხედავად ჩემი დიდი ცნობისმოყვარეობისა იარაღის მიმართ, არც ერთხელ არ ჩამომიღია. ორჯერ თუ სამჯერ მინახავს ეს ხანჯალი, საახალწლოდ ღორის დასაკლავად როცა გამოუტანიათ სათონეში. სათონე . . .სათონის შემდეგ ბაღჩა და რუის იქით - „გაღმა ბაღჩა“ თხილის ხეებით. ამ თხილების ძირში ყავისფერ, დიდ ხოჭოებს ვაგროვებდით წამლის მოყვითალო ქილაში და მეზობლის გოგოებს ვაშინებდით. ბაღჩის ბოლოში მსხვილი, ყვითელი ქლიავი იდგა, რომლის მოსაპარადაც ერთხელ მეზობლის ბიჭმა წამიყვანა - არ იცოდა რომ ჩვენი იყო. გაღმა ბაღჩის შემდეგ, გზის მეორე მხარეს, წყლის წისქვილი - „ჭინკების ბუდე“ , სადაც ღამით გასვლა დიდ ვაჟკაცობად ითვლებოდა. ერთხელ, პაპაჩემის უფროსი ძმა გაუგზავნია მამამისს, ღამით, წისქვილში. შუათანა ჩუმად ასდევნებია და როცა რუს მიუახლოვდა თურმე, ზურგზე შეჰხტომია „ჭინკასავით“ და კარგა გვარიანად შეუშინებია. მერე ეს წისქვილი პურის საცხობად გადააკეთეს, უფრო მოგვიანებით კი „ვიდეოთეკად“.
- შეთე ქვევით გაქცეულა და პირველივე შემხვედრი მანქანა გაუჩერებია . . .
- ხელში იარაღი ეჭირა და ვინ არ გაუჩერებდა?!
- იარაღი კი ეჭირა, მაგრამ გაჭედილი იყო .
- შოფერმა რა იცოდა, რომ გაჭედილი იყო?. . . - არჩევდნენ მომხდარს თარიმანა და მის გარშემო შეკრებილი მეზობლები.
- ყვარლის მილიციაში მთხოვა წაყვანა, გზაში თავის მოკვლა უნდოდა, რევოლვერს აწვალებდა, მაგრამ აღარ გავარდა, წავართვი და „სიდენიის“ ქვეშ შევაგდეო - მოუყოლია მძღოლს მოგვიანებით.
ადრე ნანახი რომელიღაც რუსული ფილმიდან მახსოვს, იარაღის ამოცნობაზე მიყვანილი ქალის სიტყვები:
. . . вот револьвер как сейчась выжу . . .прямо на меня направил . . . черный такой, револьвер. მილიციის კაპიტანმა კატალოგი გადაუშალა და ქალმა რამდენიმე ფურცლის შემდეგ ტეტეს დაადო თითი :
- Вот! Вот этот!
-Не ошибайтесь?
-Нет.
-Это не револьвер, это пистолет Т Т . . .
მაშინ რას წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ესეთი ახალთახალი ტეტე ჩემს იარაღის კარადაში დაიდებდა ბინას!
• ტეტე საიდან? მკითხა ერთმა.
• მეგობრებმა მაჩუქეს დაბადების დღეზე.
• კარგი მეგობრები გყოლია, გაუფრთხილდი . . .
. . სოფლის რუ. რუსთან დიდი ალუბლის ხე და ჩრდილში გრძელი სკამი, საზურგედ ზალიკოს სახლის კედელი. თვითონაც იქა ზის და ჰყვება ძველ ისტორიებს:
- ამ სიმაღლე სიმინდში გავრბოდი მთელი ძალით! ხელს თავს ზემოთ სწევს და გვანახებს - აი ამ სიმაღლე . . . თან უკან მომდევდნენ!
- მერე? არ გეშინოდა?
- ხელში „ნაგანი“ მეჭირა, რისა უნდა მშინებოდა?!
- ნაგანი !
- ნაგანი რით არი კარგი?
-იმით, რომ უტყუარია! ერთი თუ არა, მეორე. მეორე თუ არა-მესამე. . . .აგე ხო ხედავ ტეტემ გაჭედა! - გვიხსნიდა ჩვენზე ცოტა უფროსი მეზობლის ბიჭი. საერთოდაც, ჩვენი ყოველდღიური სალაპარაკო თემა ეგ იყო - იარაღი. ღამღამობით მუსტანგერის „კოლტი“ მესიზმრებოდა, ...აირტონმა მეექვსედ გაისროლა და გემბანიდან ზღვაში გადაეშვა. . . . ორი მოკლული, ორივე ნაგნით და სამი მძიმედ დაჭრილი, სამივე მაუზერით. . . მცირიშვილმა ჩექმის ყელიდან პატარა რევოლვერი ამოიღო . . . კარგად ისვრი ნაგანს კუკარაჩა . . . . - და ასე დაუსრულებლად. „თიხის ქილები გადასწია და იქიდან ტილოში გადახვეული, დაზეთილი მაუზერი გადმოიღო“ - მახსოვდა სადღაც ამოკითხული და მეზობელთან თუ ნათესავთან, სადაც კი ხელი მიმიწვდებოდა, მარნები და საკუჭნაოები სულ გადაჩხრეკილი მქონდა იმ იმედით, რომ სადმე მეც წავაწყდებოდი გადამალულ, ნამდვილ იარაღს და თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგჯერ ვპოულობდი კიდეც. ასე ვიპოვე ერთ მარანში ფრანგული „lebel”- ის ხიშტი და მეზობლის სახლის სხვენში ძველი ქართული ფილთა თოფი. მახსოვს, როგორ აილეწა ბიძაჩემი გოგია, როცა მისი ძველი 03-ის კარების ჯიბეში, ცხვირსახოცში გადახვეული Webley Scott-ის ფირმის პისტოლეტი ვიპოვე სათადარიგო სავსე მჭიდით. მოგვიანებით, მის ხელში ბევრი იარაღი მინახია, მაგრამ განსაკუთრებით პატარა ბრაუნინგი მომწონდა, რომელსაც უბრალო, პლასტმასის სახელურებიან პურის „სეტკაში“ ჩადებულს ინახავდა, პადვლის კარზე შიგნიდან ჩამოკიდებულს, თბილისის ბინაში.
- იცი ვისი ტეტე ჰქონდა შეთეს? - მკითხა ერთხელ გოგიამ.
- საიდან უნდა ვიცოდე?
- ვისი და ბიძაჩემის, უთხოვებია ცოტა ხნით.
ზამთარში არ მიყვარდა სოფელი. ზამთარში რაღაცნაირი პირქუში იყო, ჩრდილოეთიდან გადმომდგარი ნაცრისფერი მთებით, ქარიანი ქუჩებითა და ჯვარედინებზე დადგმული სტალინის დიდი სურათებით. სამაგიეროდ ზაფხული უხდებოდა. ბევრი ბავშვი ჩამოდიოდა არდადეგების გასატარებლად და ახმაურდებოდა ხოლმე სოფელი. ჩამოდიოდნენ ჩვენი თანატოლი გოგოები. უფროსებიც სტუმრობდნენ. მახსოვს, საცხობიდან მომავალი დარეს მოკლე კაბა, პურის ქნევით რომ ჩაგვივლიდა ხოლმე წინ და მეზობლის, ქუჩაზე გადმომდგარი აივნის იატაკის ღრიჭოებიდან დანახული, აივნის ქვეშ სკამზე მჯდომი თბილისელი სტუმარი ქალის თეთრი ფეხები. ღამით კინო სოფლის კლუბში, რომლის ბილეთების ფული ხშირად არ გვქონდა, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ვახერხებდით შეპარვას. „ოცეოლა“, „თეთრი ეშვი“, განუმეორებელი კლაუდია კარდინალე „ერთხელ ველურ დასავლეთში“, „შესანიშნავი შვიდეული“ . . . ფილმების შთაბეჭდილებებით, მეორე დღეს ვჩხირკედელაობდით, გზის პირებზე, ღობეებში მეტალის მილებს ვაძრობდით და ლულებად ვიყენებდით. ტყვიას ვადნობდით და ვაზნებს ვაწყობდით. ხელის თითები შრამებით მქონდა დაფარული. უფროსები, რა თქმა უნდა გვიშლიდნენ და ჩამორთმეული „იარაღი“ პირდაპირი წესით ზარულის ორმოში ხვდებოდა . იცოდნენ, რომ იქიდან „ვერ“ კი არა, „არ“ ამოვიღებდით. მარტო ერთი შემომრჩა დიდ ხანს, ორიგინალური კონსტრუქციის, ვერ წარმოიდგენდი, თუ გაისროდა და საერთოდაც იარაღს არ ჰგავდა. სათონეში, ფიცრის კარს უკან, ოფიცრის საველე ტყავის ჩანთა ეკიდა და იქ ვმალავდი ხოლმე. პაპაჩემიც ოფიცერი ყოფილა, უმცროსი ლეიტენანტი. 41 ში წასული, 46 - ში ჩამოსულა. ოჯახში უკვე არაერთხელ გამოგლოვილი, მოულოდნელად ჩამოსულა. ორი თვე უბრძოლია, ერთერთი დაბომბვის დროს თხრილში გადამხტარა, ხელის თითები დამტვრევია და ტყვედ ჩავარდნილა. ხუთი წელი ტყვეობაში გაუტარებია და არც თვითონ ეგონა, რომ სახლში ვინმე დახვდებოდა. დახვდნენ, მეუღლე და ორი ქალიშვილი. უმცროსი ერთი თვისა დატოვა, უფროსი სამი წლის. ჩამოსვლიდან ორი თვის შემდეგ, გერმანიიდან, იქ გაცნობილმა ქალბატონმა ჩამოაკითხა. ყველას გასაკვირად, ყოველგვარი სკანდალის გარეშე უმასპინძლა ბებიაჩემმა , დიდი ხნის ნამგზავრი დაბანა, დააპურა და ერთი კვირის შემდეგ თვითონვე გაბრუნებულა უკან, სამშობლოში. ამ გერმანელი ქალბატონის სახელი, გვარი და შემდგომი ბედი ჩვენთვის უცნობი დარჩა, სამაგიეროდ ბებიას დიდსულოვნებაზე მთელი სოფელი ლაპარაკობდაო და ამ ისტორიის მოსმენისას რატომღაც შარონ სტოუნის გმირი გამახსენდა ფილმიდან „გზაჯვარედინი“.
. . . შემთხვევის ადგილზე ხალხის წრე ვერ გავარღვიეთ და ფანჯრის რაფაზე ასულმა გადავიხედე. რუს გვერდით იწვა, თავით ეზოს კარებისკენ. ჩვენი მისვლიდან მალევე მილიციის მანქანაც მოვიდა და ხალხი დაშალეს. ცნობისმოყვარეები მაინც დარჩნენ, მილიციელის ბრძანებას არ ემორჩილებოდნენ და კისერწაგრძელებულები მისჩერებოდნენ წითელლაქებიან ზეწარს. . .
ზაფხული, მტვრიანი გზა და გრძელი სკამი რუს ნაპირთან. მაღაზიაში მიმავალი ორი ქვემოუბნელი ქალი:
• 7 წელი მიუციათ!
• რათა ესეთი ცოტა?
• აღელვების ნიადაგზეო . . . მათი საუბარი მანამდე გვესმოდა სკამზე მჯდომ მე და გოგას, სანამ ჯვარედიანაზე არ გადაუხვიეს.
- დილას მამაჩემი ადრე წავიდა მინდორში და დაგვიბარა, საზამთროს ბაღში მესტუმრეთო. ხვალე წავიდეთ?
- წავიდეთ, მაგრამ შენ ის მითხარი, ნაგანი სადა აქვს დამალული?
- რა ნაგანი?! . .შენ ცუდად ხო არა ხარ?! . . . წამო ჩვენ ბაღჩაში კაჭკაჭები დავხოცოთ.
გავყევი.
მამამისის ორლულიანი, ჩახმახიანი თოფი გამოიტანა და ეხლა ვაზნებს დავუწყეთ ძებნა. მე მარანში შევედი და იქ ვეძებდი. სამივე ყრუ კედელს სამსართულიანი ხის თარო გასდევდა. აქაც ამბარი, ჭერზე ჩამოკიდებული საპურე და ყველის გუდების სუნი . . . უცებ სუნთქვა შემეკრა და გულმა ბაგაბუგი დამიწყო:
შუა თაროზე, ცარიელი ბოთლების უკან, თიხის დიდ, მტვრიან ქოთანში, ტილოში გადახვეული ნაგანი იდო. . .


2019 წელი, დეკემბერი.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: * * * * * სადღაც ვიპოვნე
PostPosted: 05 Feb 2020, 13:00 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2196
ძალიან კარგი წასაკითხია. სამსახურში ვარ და ნაწილ-ნაწილ წავიკითხე. ერთი სული მქონდა როდის გავაგრძელებდი. ყოჩაღ ავტორს. კარგი იქნება სხვა მოთხრობებიც რომ დაიდოს. თუნდა თვითონ ნუ დადებს. ისევ ბერომ დადოს ;) .
როგორაა იმ ფილმში "დუმილზე გიცან....". სტილზე ვიცანი ავტორი და იმედია არ ვცდები, ჩვენი ფორუმელი რომაა, ერთ ერთი აქტიური წევრი...
მართლა მომეწონა. იმედია გააგრძელებს წერასაც და საზოგადოებისთვის გაცნობასაც თავისი შემოქმედების.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: * * * * * სადღაც ვიპოვნე
PostPosted: 05 Feb 2020, 13:01 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2196
ამის წაკითხვის შემდეგ სულ სხვა პიროვნებად დავინახე ავტორი. ველოდებით შემდეგ ნაწარმოებს ....


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: * * * * * სადღაც ვიპოვნე
PostPosted: 06 Feb 2020, 08:49 
Offline
User avatar

Joined: 04 Jun 2009, 09:51
Posts: 549
ძალინ კარგი წასაკითხია!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: * * * * * სადღაც ვიპოვნე
PostPosted: 16 Feb 2020, 17:53 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3249
Location: Tbilisi
საინტერესოა : )


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 5 posts ] 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 4 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
cron
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge