იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 09 Apr 2020, 23:48

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 5 posts ] 
Author Message
 Post subject: საინტერესო სტატია "ლელოში"
PostPosted: 04 Jan 2010, 12:07 
Offline
User avatar

Joined: 09 Oct 2009, 20:57
Posts: 298
ამოცნობილი მფრინავი თეფშების კვალდაკვალ

გიორგი ჩოჩიშვილი

ჩვენ გვყავს ფენომენური ნინო სალუქვაძე, მშვილდოსნობაში გვყავდა შესანიშნავი ქეთევან ლოსაბერიძე, მაგრამ სროლაში მიღწეულის ლომის წილი � აქ უკვე მათ რაოდენობას ვგულისხმობ � მესტენდურებზე მოდის (სპორტსმენებზეა ლაპარაკი, თორემ ერთი ნინო სალუქვაძის შედეგები ყველაფერს გადაწონის). იგი სულ ორ დისციპლინას მოიცავს, � მრგვალ სტენდზე და ასევე ადგილიდან სროლას ტყვიის სროლის 11 სახეობისგან განსხვავებით. საბჭოთა პერიოდში აღარც გვიკვირდა მათი ჩემპიონობა � მსოფლიოს თუ ევროპის, მსოფლიო რეკორდები და სხვა დიდი მიღწევები იქით იყოს. წარმატებათა გრძელი ნუსხა მართლაც საოცრებად ჩანდა ერთი პატარა ჯგუფისგან, რადგან სპორტის ამ სახეობაში მოვარჯიშეთა საერთო რაოდენობა ორასამდე თუ იქნებოდა, და ჩვენი სასროლეთები, სხვებთან შედარებით, უხეირო იყო.

ამიტომ ამ დიდ მიღწევათა მიღმა, პირველ რიგში, უნდა დავინახოთ სროლის ტრადიციული ნიჭი. თანაც ნადირობასთან მიახლოებული გაფრენილ თეფშებზე ემოციური სროლა უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა ბევრი დამწყები სპორტსმენისთვის, ვიდრე ტირის სიმშვიდე ტყვიის სროლაში.

ყველა ზემოხსენებული ფაქტორი � ბუნებრივი ნიჭი და მოვარჯიშეთა მცირე რაოდენობით დიდი შედეგების მიღწევა � თითქოს ერთგვარი წამაქეზებელი მოწოდება უნდა ყოფილიყო ჩვენი სპორტის ფუნციონერებისთვის დამოუკიდებლობის პერიოდში, მაგრამ, გასაოცრად კი არა, სამწუხაროდ, პირიქით მოხდა: წამყვანმა სპორტულმა ორგანიზაციებმა: საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა, სპორტის დეპარტამენტმა, სპორტის საპარლამენტო ქვეკომიტეტმა, საერთოდ ყველამ, ისე გადააყარა მტვერი ამ ჩვენთვის ერთ დროს საამაყო დისციპლინას, გეგონებოდათ, იგი არასდროს ყოფილა საქართველოში და მხოლოდ მოგონებათა წიგნებში, ენციკლოპედიებში დატოვეს. ჩვენში კარგა ხანია, აღარ არსებობს არათუ სასროლეთი, ერთი მოედანიც კი, სადაც მესტენდურეები ივარჯიშებდნენ. ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებში, ადრე მისდევდნენ ამ სპორტს თუ არა, მაინც უამრავი თანამედროვე ბაზა ააშენეს მესტენდურეებისთვის, ერთი ჩვენ ვრჩებით �მწვანე ნაკრძალად�.

სასტენდო სპორტს დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან მოსდევს უმადურობისა და გულგრილობის გრძელი და ცივი შლეიფი, რომელმაც, როგორც უკვე ვთქვი, ლამის �სპორტული ამნეზიის� ზღვრამდე მიგვიყვანა მესტენდურეთა მიმართ...

ზეზვასა და მზიას ნამდვილად არ ვიტყვი, მაგრამ რაც კი ადამიანმა სასროლი იარაღი გამოიგონა, სროლა ჩვენი წინაპრისთვის, ისტორიის გათვალისწინებით, სასიცოცხლო აუცილებლობა გახდა. ბოლოს და ბოლოს, მხატვრული ნაწარმოებებიდან ეცოდინებათ ყაბახისა და მშვილდოსნობის შესახებ. იმ ყორჩიხა-ხანსაც კარგა გრძელი მანძილიდან გაუყარეს შუბი მარტყოფის ველზე. რაც შეეხება სპორტულ სროლას, კერძოდ, თოფებით, იგი, ფეხბურთისა არ იყოს, ჩვენში ინგლისელებმა შემოიტანეს 1921 წელს. სოხუმში რეიდზე ბრიტანელთა გემი იყო ჩამომდგარი და ნაპირიდან გაოცებული ხალხი უცქერდა გაფრენილ და დამსხვრეულ თეფშებს, რასაც თოფის ხმა სდევდა თან. ინგლისელებს ხომალდზე სამი თეფშის სატყორცნი აპარატი ჰქონიათ და სამივე წასვლისას აქ დატოვეს. ცხადია, სასტენდო სროლის ენთუზიასტებიც მალე გამოჩნდნენ. ერთ-ერთი პირველი, სხვათა შორის, ჩემი მოგვარეც ყოფილა. 20-იან წლებში მუშტაიდში მოუწყვიათ პატარა სტენდი...

მაგრამ მთავარი მოვლენები სასტენდო სროლაში, რასაკვირველია, გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება, ამიტომ მოკლედ შევეხოთ ამ პერიოდს ცნობილი სპეციალისტის, ზურაბ მაჩხანელის სპორტული ბიოგრაფიის მოშველიებით, რომელსაც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, უდიდესი როლი მიუძღვის საქართველოში სასტენდო სროლის განვითარებაში.

თვითონ მაჩხანელი შემთხვევით აღმოჩნდა მესტენდურეთა მარაქაში, რაც იმხანად და მოგვიანებითაც კი დამახასიათებელი იყო სპორტის ამ სახეობისთვის. მაგალითად, ასე აღმოაჩინეს შემდგომში მსოფლიოს ჩემპიონი, ამერიკელი ჰენკოკი, მაშინ, როცა თავისთვის ნადირობდა საკუთარ რანჩოში.

ზურაბ მაჩხანელიც ნადირობიდან მოხვდა სპორტში. ნაგვიანევი სტუდენტი (სამი წელი მეორე მსოფლიო ომში ჰქონდა გამოვლილი და მხოლოდ 1945 წლის ნოემბერში ეღირსა დემობილიზაცია) აიკიდებდა პაპისეულ 16-კალიბრიან �ტულას� (სასტენდო სროლაში 12-კალიბრიანი თოფებია), წაიღებდა რკინის მასრებსა და ტყვია-წამალს � სად იყო მაშინ მზა მუყაოს მასრები � და გარეული ფრინველის ჭაჭანებას არ უშვებდა. ერთხელ იდგა მცხეთის გზაზე და ზედ 156 მწყერი (?!) ჰქონდა აკიდებული. ეს ფოკუსი მას მამამისის მეგობარმა და მასავით ნადირობის მოყვარულმა, მცხეთის მტს-ის მთავარმა ინჟინერმა მარეხაშვილმა მოუწყო, � ამდენი მონადირებული მწყერი რომ დაინახა, ტანზე აჰკიდა და გზაზე დააყენა.

სწორედ რომ ბედად, იქვე ყავისფერმა �პობედამ� დაამუხრუჭა, საიდანაც ინდიკოს ქსოვილის კოსტიუმში გამოწყობილი კაცი გადმოვიდა. �პობედა� და ასეთი კოსტიუმი მაშინ იგივე იყო, რაც დღეს უძვირფასესი ჯიპი ჩამუქებული მინებითა და �ბლატნოი� სამთავრობო ნომრებით. გადმოსულმა დიდი გაკვირვება გამოთქვა, � მუხრანში ვინადირე, მთელი დღე წელში გავწყდი და 8 ცალ მწყერს ძლივს მოვუყარე თავიო. მერე სტენდზე მიიპატიჟა, რომელიც ახალგაზრდა მონადირეს თავიდან ის ეგონა, რაზეც საბჭოთა ქვეყნის მიღწევებს მალიმალ და ბევრგან გამოფენდნენ ხოლმე, მისამართიც უთხრა და ზურაბისგან ნაჩუქარი ორმოციოდე მწყერიც წაიღო, როგორც ახლა იტყვიან, სახლში �სამარიაჟოდ�.

ის უცნობი კაცი საქართველოს მონკავშირის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ბურჯანაძე ყოფილა. მაშინდელი ფინანსთა მინისტრი კონდრატე ციმაკურიძე საკავშირო მონადირეთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი გახლდათ. მოკლედ, სასტენდო სპორტს დიდი ხალხი მფარველობდა.

მაშინ ქვეყანაში მრგვალი სტენდი ჯერ არ იყო, მხოლოდ ადგილიდან ისროდნენ (ამას სასანგრე სტენდსაც უწოდებენ). იმ დროს, 1947 წელს ვაკეში შენდებოდა სასროლეთი და იქ მიაკითხა ზურაბ მაჩხანელმა დაბარებულ ადგილას. ძალიან მოეწონა სასტენდო სპორტი და მან, რომელსაც ჯერ ახალბედაც კი არ ეთქმოდა, 20-დან 18 თეფში გატეხა. ეს ლამის სასწაულად ჩაუთვალეს. არადა, მაშინ უკვე ცნობილ ოსტატთა მთელი პლეადა ისროდა: ჯაბახაძე, ჩახნაშვილი, ოსიპოვი, ცაგარეიშვილი, ავილოვი, სარქისოვი, კუროჩკინი... ძველი მსროლელები იმანაც გააკვირვა, რომ თუ ისინი სამიზნეს, როგორც წესია, 32-35 მეტრიდან ესროდნენ, ახალმოსული ამას 28-30 მეტრში ასწრებდა. თეფშს გაფრენას არ აცდისო, ხუმრობდნენ კიდეც.

მაშინდელი პროგრამა ადგილიდან სროლაში, ცხადია, უფრო მოკლე და სპეციფიკური იყო. საფანტსაც თვითონ ამზადებდნენ, ვაკის ბაზის დირექტორი ზვერევი შეუდარებელი იყო ამ საქმეში...

აქვე უნდა ვთქვა, რომ მომავალი ისტორიკოსი ზურაბ მაჩხანელი სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეხბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეც გახლდათ, რომელსაც ქომაგად ედგა დიდი რექტორი ნიკო კეცხოველი, გუნდში თამაშობდა ავთანდილ ჭკუასელი, ხოლო კაპიტნობდა შემდგომში ცნობილი პროფესორი კარლო მეშველიანი...

1952 წელს ომსკში საკავშირო პირველობა გაიმართა. საქართველოს 6-კაციანმა ნაკრებმა, რომელშიც 4 მონკავშირელი და ორი არმიელი, � ბორის ანტონოვი და პეტრე სარქისოვი იყვნენ, საკმაო წარმატებით იასპარეზა. სწორედ მაშინ აყალიბებდნენ სსრ კავშირის ნაკრებს. 12-კაციან ნაკრებში (მაშინ უკვე მრგვალ სტენდზეც ისროდნენ), მაჩხანელიც მოხვდა და ანტონოვიც, მაჩხანელი � ადგილიდან სროლაში, ანტონოვი � მრგვალ სტენდზე. საერთოდ, რეკორდების ათვლა ჯერ ერთი სერიიდან დაიწყეს და დავით ცაგარეიშვილმა 25-ივე თეფში გატეხა, მოგვიანებით ანტონოვმა - 50. თვითონ ზურაბ მაჩხანელს სულ 8 პირადი საკავშირო რეკორდი აქვს დამყარებული, რომელთაგან ზოგი მსოფლიო მიღწევასაც უტოლდებოდა: 100 გასროლიდან � 98 (მანამდე საკავშირო რეკორდი 96 იყო), 200-დან 196 (იქამდე სულ 193 იყო). სწორედ მაშინ თქვეს რუსებმა, მაჩხანელი გაგიჟდაო. ორჯერ იყო სსრ კავშირის ჩემპიონი � 1954 და 1956 წლებში. დიდი წარმატებები ჰქონდა ბორის ანტონოვსაც, რომელიც სსრ კავშირის ჩემპიონიც გახდა...

მათ გარდა, შემდეგ წარმატებით ისროდნენ იური საგანელიძე, კარლო დარასელია, ვილი ალავერდოვი, კოტე ჟღენტი, ილიკო ბუკია...

86 წლის ზურაბ მაჩხანელი ახლაც სინანულით იხსენებს იმ შემთხვევას, რომელმაც ოლიმპიური შანსი დააკარგვინა. მელბურნის წინ ბრწყინვალე სპორტულ ფორმაში იყო, ვარჯიშზე იმ დროს გაუგონარი შედეგი აჩვენა, � 500 გასროლიდან მხოლოდ 3 თეფში გადაურჩა, მაგრამ სწორედ ტაშკენტში, ოლიმპიურ ნაკრებთა დასკვნით შეკრებაზე გამოძახების შემდეგ, ბრმა ნაწლავის მწვავე შეტევა დაემართა, რამაც თვე-ნახევრით მიაჯაჭვა საავადმყოფოს საწოლს... სულ ბოლოს, 50 წლისამ, საკავშირო თასის გათამაშებაში გაიმარჯვა, მანამდე კი- უამრავ ტურნირში. 11 წელიწადს იყო სსრ კავშირის პირველ ნაკრებში (დარასელიაც � საკმაო ხანს)...

შეუდარებლად წარმატებული იყო მისი მოღვაწეობა სამწვრთნელო ამპლუაში, რომელმაც აპოგეას 70-80-იან წლებში მიაღწია. ეს იყო პირდაპირ �ოქროს ხანა� საქართველოს სასტენდო სპორტში. მანამდე ჩვენს რესპუბლიკას ყველაზე დიდი მიღწევა 1956 წელს ჰქონდა, როცა ზურაბ მაჩხანელმა, კარლო დარასელიამ, იური საკანდელიძემ და ვილი ალავერდოვმა სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ტურნირი მოიგეს სასანგრე სტენდზე, ხოლო სოხუმელი დარასელია მე-2 იყო პირად პირველობაში.

საქართველოს მესტენდურეთა წარმატებების დიდი და ხანგრძლივი სერია 1971 წლიდან იწყება. �მე რომ სპორტში მივედი, 1969 წელს, სასტენდო სროლის ქართული სკოლა უკვე არსებობდა�, � მითხრა ამჟამად სროლის სახეობათა ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა თამაზ იმნაიშვილმა (ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძეა), � �1971 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე ტარიელ ჟღენტთან, თემურ მატოიანთან, ლევან სიმონიანთან ერთად ბრინჯაოს მედლები მოვიპოვეთ. ჯერ მეორე ადგილი მოგვაკუთვნეს, მაგრამ შემდეგ რუსეთის ნაკრებთან გუნდური დამატებითი სროლა დაგვინიშნეს და ვერცხლის მედლები წავაგეთ. ჯერ პატარა ვიყავი და მახსოვს, ვიტირე კიდეც...

იმ დროს მრგვალ სტენდზე კვლავ ისროდა ბორის ანტონოვი. ლევან სიმონიანი მე შევცვალე. შემდეგ გუნდში მოვიდნენ ჯერ გია შენგელია, შემდეგ დავით ქვათაძე. როცა ტარიელ ჟღენტმა სროლას თავი დაანება და მწვრთნელი გახდა, შევსება უკვე გვყავდა, მით უმეტეს, რომ სროლის საერთაშორისო ფედერაციამ, UIთ-მა ოთხკაციანი გუნდის ნაცვლად, სამკაციანი დააკანონა...� თამაზის ნათქვამს დავამატებ, რომ შემდეგაც წამოვიდნენ პერსპექტიული მესტენდურეები: დავით მანჯგალაძე, შოთა თავაძე, მაია გუბიევა, ძალიან პერსპექტიული იუნიორი არჩილ საბედაშვილი, რომელმაც ადგილიდან სროლაში 197 თეფში დაამსხვრია 200 შესაძლებლიდან...

მაშინ საქართველოს სპორტსმენებს ცალკე უცხოეთში ვინ გაუშვებდა, საბჭოთა კავშირში კი, რომელიც სროლაში ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანად ითვლებოდა, მედალი და სხვა ჯილდო არ დაჰკლებიათ. წელიწადი არ გავიდოდა, ან სსრ კავშირის ჩემპიონატი, ან თასი არ მოეგოთ, ანდა საპრიზო ადგილზე არ გასულიყვნენ და ჩვენი მაშინდელი დროშაც მუდამ მაღლა ფრიალებდა. როცა ჩვენები საკავშირო ტურნირზე ჩადიოდნენ, �გრუზინი პრიეხალიო�, � ეს მხოლოდ ფაქტს კი არ აღნიშნავდა, არამედ გაცილებით მეტს � ფავორიტები ჩამოვიდნენო. ერთხელ კი სულ მთლად გადარიეს მოსკოველი რუსები � სსრ კავშირის ჩემპიონატის შემდეგ ქვეყნის თასიც მოიგეს და მსოფლიო რეკორდიც გაიმეორეს ჩვენი ოთხეულის წევრებმა � ტარიელ ჟღენტმა (100 ზუსტი გასროლა � გუნდურ პირველობაში თითოეულზე ამდენი გასროლაა), თამაზ იმნაიშვილმა (99), გია შენგელიამ (97) და თემურ მატოიანმა (95).

აქვე მინდა ვთქვა, რომ თბილისელი მატოიანის შედეგი ნუ გეცემათ თვალში, � თემური შესანიშნავი მსროლელი და ადამიანი გახლდათ, შემდეგ კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი: სასტენდო სროლის ყამირზე, კვიპროსში ჩავიდა სამუშაოდ და იმ ხალხისგან, ვისაც ჩვენები თოფის დაჭერას ასწავლიდნენ, ევროპის ჩემპიონები მოამზადა; შემდეგ უარეს ხრიოკში გადაინაცვლა და კუვეიტელებს მსოფლიოს ჩემპიონი ალ-რაშიდი გამოუზარდა (გიმეორებთ, იმ პერიოდში საქართველოში ერთი უბრალო სტენდიც არ იყო). ეს ჩემპიონატი 1995 წელს ჩატარდა კვიპროსში და თემური თავის ძველ მეგობრებს ეუბნებოდა, � აღარ ვიცი, ვის უფრო უნდა ვუგულშემატკივრო, � თქვენ, საქართველოს გუნდს თუ ჩემს მოწაფესო. შემდეგ საბერძნეთის მესტენდურეებს ამზადებდა ათენის ოლიმპიადისთვის, მაგრამ ორიოდე თვით ადრე ავსტრიაში მყოფს, გაღიმებულს, უცებ პირდაპირ სავარჯიშო მოედანზე გაუსკდა გული...

70-იანი წლებისთვის თბილისში, კერძოდ, ვარკეთილში იყო საკმაოდ უხეირო სასროლეთი, უკეთესი იყო ზუგდიდში, შემდეგ ოზურგეთშიც (მაშინდელი მახარაძე) მოაწყვეს საკმაოდ კარგი სტენდი. სოხუმში, ბათუმსა და ქუთაისში კი ძველები ჰქონდათ. კარგი სპეციალისტებიც საძებარი არ იყო. მთელ ამ წარმატებულ პერიოდში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი სასტენდო სროლის ორივე დისციპლინაში ზურაბ მაჩხანელი გახლდათ, იმხანად ჯერ კიდევ �მოთამაშე მწვრთნელი�, რადგან ჯერ თვითონაც ისროდა.

უკვე ვთქვი, სასტენდო სროლაში ორივე ნაკრები მაშინ ოთხ-ოთხი წევრისგან შედგებოდა და მრგვალ სტენდზე ამ კვარტეტში ძალიან ხშირად ორი ქართველიც ხვდებოდა. მესამეც შეიძლებოდა, მაგრამ იმ ორზეც სსრ კავშირის ნაკრების უფროსებს გული უსკდებოდათ და სამზე ხომ მთლად გადაბრუნდებოდნენ. თანაც ჩვენები ვის �ეჭიდავებოდნენ� იმხანად: ოლიმპიურ ჩემპიონ პეტროვს, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონ ცურანოვს, სხვა აღიარებულ �ასებს� _ სოკოლოვს, ალიევს, ანდრეევს, ტიმოხინს... ერთხელ იმნაიშვილი, ტიმოხინი და გია შენგელია მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა გამგზავრებულიყვნენ (გიამ არათანაბარ პირობებში, თანაც გაძნელებულ პროგრამაში მაინც აჯობა უკრაინელ კოლოსს სანაკრებო �დუელში�), მაგრამ საოცარი რამ მოხდა, _ ქუთაისელ მსროლელს მოუბოდიშეს, _ შენი მოსარგი სპორტული ფორმა (სსრკ ნაკრების) საწყობში არ აღმოჩნდაო და... ჩემპიონატზე კოლოსი წაიყვანეს.

ყველაფერ ამის მიუხედავად, ზემოაღნიშნულ �ოქროს ხანაში� ტარიელ ჟღენტი სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1971-74), მეორე და მესამე პრიზიორი პირად პირველობაში, ევროპის 7-გზის ჩემპიონი (2-ჯერ პირადში), სსრ კავშირის _ სამგზის, დაამყარა (გაიმეორა) 4 მსოფლიო რეკორდი აბსოლუტური მაჩვენებლით (2-ჯერ 200-დან ყველა თეფში დაამსხვრია), მოიგო მრავალი ტურნირი... თემურ მატოიანს მოგებული აქვს ევროპის თასი, სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადა, მრავალი ტურნირი, გუნდურ ჩათვლაში კი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი იყო... უგრძესია თამაზ იმნაიშვილის წარმატებათა ნუსხაც: 1981 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა პირად პირველობაში, პირველად და ერთადერთხელ საქართველოში, 1993 წელს მეორე იყო, ორჯერ კი _ მესამე. მრავალჯერ გახლდათ მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში და 7-ჯერ _ ევროპის ჩემპიონი, ევროპის თასისა და VI საკავშირო სპარტაკიადის გამარჯვებული. აქვს მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდი 5-სერიან ტურნირში, _ 125-დან ყველა სამიზნე დააზიანა. 1988 წელს მოსკოვში, ჩემ თვალწინ, უშეცდომოდ გაიარა 8 სერია (200 ქულა ამდენივე შესაძლებლიდან), მხოლოდ ფინალურ 25 გასროლაში უმტყუნა მიზანმა... მნიშვნელოვანი წარმატებები ჰქონდათ ჩვენს სხვა მესტენდურეებსაც. ერთ-ერთს მინდა შევეხო, რომელიც გია შენგელიასთან არის დაკავშირებული და ხაზს უსვამს სპორტის ამ სახეობის სპეფიციკას. ზემოხსენებული უსამართლობის გამო, გულის მოგებისთვის, იგი ბერლინის დიდ საერთაშორისო ტურნირზე წაიყვანეს საკავშირო ნაკრებთან ერთად. დაიწყო შეჯიბრება და კატასტროფა _ 22 თეფში 25-დან პირველ სერიაში! ეს დაახლოებით ნიშნავს იმას, რომ 0:5-ს აგებ პირველ ტაიმში. საკავშირო გუნდის ხელმძღვანელობის ხალისი უნდა გენახათ, _ ამას მსოფლიოს ჩემპიონატზე რა უნდოდაო. მაჩხანელი მივიდა გიასთან და უთხრა, _ დრაიკას, საერთოდ, ამერიკელების დგომი დაიკავეო. საწყის მდგომარეობაში მესტენდურეს თოფის კონდახი თეძოსთან აქვს. ნიშანზე მკერდამდე ასწევს და ისვრის. ამ მანძილის �მოსაპარად� ამერიკელები მოხრილნი ისროდნენ, რადგან სროლაში წამის მეათედსაც აქვს მნიშვნელობა. მათი ლიდერი დრაიკა კი ამ მხრივ ეტალონი იყო. სხვათა შორის, შემდეგ მან სროლის ცირკი გააკეთა, ველოსიპედით დადიოდა და თითქმის დაუმიზნებლად პანტაპუნტით ყრიდა სამიზნეებს, _ ნებისმიერ კოვბოის ჩააწვენდა შურის საფლავში.

მოკლედ, სროლაში უმნიშვნელო დეტალიც კი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. გია შენგელიამაც დაუჯერა თავის მწვრთნელს, თანაც ქართულად გაბრაზდა, რომ ხელმძღვანელებისთვის ზეიმი ჩაემწარებინა. და... დარჩენილი 8 სერია უშეცდომოდ გაიარა, _ 200-ვე სამიზნე დააზიანა და ჩემპიონი გახდა. სხვა სახელოვანი ჩემპიონების გარდა, მან გაუსწრო გერმანელ სროლის დიდოსტატებს, ჰოხვალდსა და ვეგნერს. იმ 1988 წელს ვეგნერმა ოლიმპიური თამაშებიც მოიგო...

ასეთ წარმატებათა ფონზე თითქოს განზე დარჩა ოლიმპიური სარბიელი, მაგრამ თუნდაც ერთი მაგალითისთვის, კიდევ უნდა გავიხსენო თამაზ იმნაიშვილის ფათერაკი მოსკოვში, მიტიშჩის სასროლეთზე 1980 წლის ოლიმპიადის დროს. ქართველი მესტენდურე ბოლო სერიამდე ლიდერი იყო. თანაც იგი სწორედ შეჯიბრების ბოლოს ისვრის ყველაზე კარგად, ხოლო თუ დამატებითმა სროლამ მოუწია, იქ პირდაპირ შეუდარებელია. მოკლედ, ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებდა... თოფში ვაზნები ჩააწყო თუ არა, წინ გადაეღობა ოლიმპიური ჩემპიონი პეტროვი. იგი იმხანად გამოყენებითი სპორტის საკავშირო სამმართველოს ხელმძღვანელი იყო და რანგით სპორტის ყველა ფუნქციონერზე მაღლა იდგა. მან თამაზი გააფრთხილა, _ ძალიან აყოვნებ სროლას და იჩქარეო. თამაზმაც იჩქარა და... გადამწყვეტ სერიაში ორი სამიზნე გაუფრინდა დაუზიანებელი. საბოლოოდ, 196 ქულით გაიმარჯვა დანიელმა რასმუსენმა, ჩვენი მესტენდურე მას მხოლოდ ქულით ჩამორჩა, მაგრამ ცუდი ბოლო სერიისა და ბევრი თანაბარი შედეგის გამო (195-195) ერთბაშად მე-9 ადგილამდე ჩამოქვეითდა.

პეტროვის მუცლის გვრემა გასაგები იყო. შემდეგ თვითონ რუსებიც ალაპარაკდნენ, _ არ უნდა, რომ მის გარდა ვინმე გახდეს ოლიმპიური ჩემპიონი სასტენდო სროლაშიო. პეტროვმა, გამოცდილმა მსროლელმა, სწორედ ყველაზე სუსტ წერტილში დაარტყა თამაზ იმნაიშვილს. საქმის უცოდინარი ამას ვერ მოახერხებდა. ასეთი მწვავე რეპლიკა კი არა, სროლის წინ საკუთარ თავში ჩაკეტილ მსროლელს არც მეგობარი უნდა დაენახოს, არც ჟურნალისტი და ხშირად არც საკუთარი მწვრთნელი. თუ დასჭირდა, თვითონ მოგნახავს და გამოგელაპარაკება. იმნაიშვილს მაშინ ბოლო სერიაში 25 ქულა რომ გაეკეთებინა, ჩემპიონი ხდებოდა, თუნდაც 24 _ დამატებით სროლაში გავიდოდა რასმუსენთან, რაშიც უძლიერესი იყო...

სეულის ოლიმპიადაზე კი საგინესო კურიოზი შეამთხვიეს: უკვე ფინალურ ჯგუფში გასული თამაზ იმნაიშვილი, რაც უკვე იყო დადასტურებული ოლიმპიური ოქმით, იმავე პეტროვის მეცადინეობით, ფინალში აღარ დაუშვეს. მის ნაცვლად საბჭოთა სამეულში ჩართეს რუსი დიომინა, რომელიც ქალების საჩვენებელი პროგრამით ასპარეზობდა, ოღონდ ფინალში გამოსვლის უფლებით. იქ დიომინამ თავი შეირცხვინა, ჩემპიონი კი გახდა ჩინელი ქალბატონი, რომელმაც ყველა კაცს აჯობა აბსოლუტური შედეგით (200-დან ყველა), მაგრამ იგი იმთავითვე ჩინელ ვაჟთა გუნდის განაცხადში იყო. ეს უნიკალური შემთხვევა გახლდათ.

თამაზ იმნაიშვილმა მსოფლიო თასზე წარმატებით ბარსელონის ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა, შემდეგ მე-3 ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატში, მოსკოვში, მაგრამ ჩვენ უკვე დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდით და სპორტში დაიწყო, აი, მამლუქებიო და ამდაგვარი. რა ენაღვლებოდათ, თვითონ პოლიტიკით �ჭამდნენ პურს� და არა სპორტით. და ის ლიცენზიაც რუსებმა გემრიელად შეირგეს...

შემდეგ კი დაიწყო ჩვენი ისედაც მწირი ბაზების განადგურება. ყველაზე მძიმე დარტყმა სროლამ განიცადა გასაგები მიზეზების გამო. იმ დროიდან ერთი ამბავი მახსოვს. სხვათა შორის, მაშინ სროლის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი თენგიზ კიტოვანი იყო (ასეთ ფედერაციებს გენერლები ხშირად ხელმძღვანელობენ). როცა ტყვიის მსროლელთა საწყობი გაძარცვეს და იარაღი წაიღეს გვარდიელებმა, კიტოვანს სთხოვეს, _ ნინო სალუქვაძის პისტოლეტი მაინც დაგვიბრუნეთო. მინისტრმა შეიცხადა _ ეს იარაღი �ტროფეინია� და ბიჭებს როგორ ვთხოვო, დააბრუნეთო. ტროფეი, მოგეხსენებათ, მტრისაგან დატოვებულ ან მისთვის წართმეულ ნაალაფევს ნიშნავს და ბატონმა თენგიზმა წარმატებით გაიმარჯვა საკუთარ ფედერაციასთან, აი, აფხაზეთში კი...

გარდა ამისა, მან თბილისში ერთადერთ ვარკეთილის ბაზაზე გვარდიის ნაწილები ჩააყენა და იგი მაშინდელმა მშიერმა ჯარმა ფერმად გადააქცია, _ ძროხები, ცხვრები ჰყავდათ და სულს ასე ითქვამდნენ. იქაურობა კი, ცხადია, გავერანდა, ისევე როგორც სხვაგან.

მაგრამ რაც ამ უძრაობის დროს გააკეთეს ჩვენმა მესტენდურეებმა, წარმოდგენის ყოველგვარ ზღვარს სცილდება. აბსოლუტურად უვარჯიშებლებმა, რომლებმაც სულ ორკვირიანი შეკრება მოახერხეს კვიპროსზე, საგულდაგულოდ მომზადებულ საუკეთესო ნაკრებთა შორის მე-2 ადგილი დაიკავეს მსოფლიო თასის გათამაშებაში. ამ სამეულმა, _ იმნაიშვილმა, შენგელიამ და ქვათაძემ მე-3 ადგილის მოპოვებაც შეძლეს მსოფლიოს ჩემპიონატზე _ სულ ორი ქულით ჩამორჩნენ ჩემპიონ იტალიის გუნდს. ბოლო სერია 25 რომ გვქონოდა, რაც დიდი ამბავი არ არის, მსოფლიოს ჩემპიონები ვიქნებოდით და ეს, თამაზ იმნაიშვილის შეფასებით, მართლაც �მსოფლიო ცირკი� იქნებოდა. მაშინ ჩვენი ნაკრების მწვრთნელი ტარიელ ჟღენტი იყო. ეს პირველი გუნდური მედლები იყო დამოუკიდებელი საქართველოს სპორტის ისტორიაში.

ჩვენი მესტენდურეები ისვრიან ძველი გამოცდილებით, ნიჭის ხარჯზე და შეჯიბრების მიმდინარეობის დროს გავარჯიშდებიან ხოლმე, მაგრამ თავის სროლას რომ �იპოვიან�, სწორედ მაშინ სრულდება ასპარეზობა. წინდაწინ ერთკვირიანი საწვრთნელი შეკრების სახსრებიც არ აქვთ. არადა, წელიწადში სულ რაღაც 50 ათასი ლარიც ეყოფათ. თანაც, ახლა სროლა კომპიუტერზეა და თუკი ერთდღიან ვარჯიშებზე, რაც წინ უძღვის ნებისმიერ შეჯიბრებას, რომელიმე პოზიციიდან სროლის დახვეწა გინდა, როგორც ადრე იყო, ახლა ნურას უკაცრავად, _ კომპიუტერს თავისი პროგრამა აქვს.

კარგა ხნის შესვენების შემდეგ რის ვაი-ვაგლახით მოახერხეს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გამოსვლა ფაქტობრივად სროლადავიწყებულებმა და სადღაც სატურნირო ცხრილის შუაში მაინც არიან. რაიმე ბაზაზე ჯერ ლაპარაკიც არ არის, თუმცა სროლის ფედერაციის წინა პრეზიდენტმა, შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ლევან მხეიძემ პირადად მითხრა, რომ მცხეთასთან უკვე მოზომილია ნაკვეთი და იქ ერთ წელიწადში აშენდება ახალი ბაზა მესტენდურეებისთვის. ერთი წელიწადიც გავიდა და მეტიც, საქმე ადგილიდან არ დაძრულა. ახლა სროლის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქარსელაძეა.

თუმცა სულ ახლახან მაინც გატყდა ნავსი. სეოკ-ის პრეზიდენტის, გია ნაცვლიშვილის თხოვნის შემდეგ, ქალაქის მერმა გიგი უგულავამ მიმართვა გაუგზავნა ეკონომიკის მართვის სამინისტროს, რომ გამოეყოთ მიწის ნაკვეთი დედაქალაქის ტერიტორიაზე სასტენდო სროლის ბაზის მოსაწყობად. ეს ნაკვეთი ვარკეთილში _ სულ 5 ჰექტარი, გამოყოფილია. თამაზ იმნაიშვილმა თვითონ მაჩვენა ის ნახაზი. გარდა ამისა, მერია მათ დამატებით კიდევ 2 ჰექტარს ჰპირდება. იმედია, ამის შემდეგ სასროლეთის ამშენებელიც გამოჩნდება...

იმნაიშვილის თქმით, სასროლეთის მოწყობას აპირებს რუსთავის ხელმძღვანელობა და, საერთოდ, ქვემო ქართლისა, აგრეთვე აჭარის მთავრობა და იქაური რეგიონული ოლიმპიური კომიტეტი. ეს ყველაფერი მხოლოდ 2009 წლის ბოლოს გამოიკვეთა. სასტენდო სროლას ჩვენში ჯერ ერთადერთი კაპიტალიღა დარჩა _ სპეციალისტები, რომლებსაც ისევ შესწევთ ძალა, მესტენდურეთა თაობა მოამზადონ. მერე გვიან იქნება. ბაზების უქონლობის გამო თაობათა ცვლის პროცესი შეწყდა და ამჟამად ისევ ძველები ისვრიან, ანუ იშვიათად შეჯიბრებაში მონაწილეობენ გია შენგელია, დავით ქვათაძე, მაია გუბიევა, მოსკოვში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე და მოქალაქე პავლე ლაკია. მათ მწვრთნელად �ითვლება� თამაზ იმნაიშვილი, _ აბა, სად ავარჯიშებს?..

საკვირველი რამ მითხრა 86 წლის ზურაბ მაჩხანელმა: ახლები არ არიან, მაგრამ ერთი სასროლეთი რომ მომცა, ამ ხნის კაცი გია შენგელიას ისე მოვამზადებ, ოლიმპიადაზეც იტყვის თავის სიტყვასო...


P. S. რაც არ გააკეთა ამდენმა სახელმწიფო და საზოგადოებრივმა უწყებამ, როგორც ჩანს, ერთ ადამიანს შესძლებია. იგი ბიზნესმენია და ჩრდილში ყოფნას არჩევს, ასე ცდილობს კეთილი საქმის გაკეთებას. მით უფრო, რომ ძველი სპორტსმენი გახლავთ და სროლის მოყვარულიც. ერთი თეფშის სატყორცნი აპარატიც ჰქონიათ მას და მის მეგობრებს. თანაც ყველაზე საუკეთესო _ ფინური �ნასტას� ფირმისა, ასევე თეფშების მარაგიც 200 ათას ცალამდე, გამშვები პულტიც. და ახლა ერთ სტენდს აკეთებს საკუთარი ხარჯებით, რომელიც მალე ჩადგება მწყობრში.

ეს პირდაპირ მაშველი რგოლი იქნება ჩვენი მესტენდურეებისთვის. მართალია, თოფები ძველები აქვთ (ახლები _ �ბერეტა�, �ფეროცი� 5-6 ათასი ევრო ღირს), მაგრამ ჯერ კიდევ გამოსადეგი. მაინც, კიდევ ვიტყვი, სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია. სხვა რომ არაფერი, სროლის გართულებული პროგრამის გამო მესტენდურეები ვარჯიშებზე ახლა ადრინდელზე, გაცილებით მეტჯერ ესვრიან სამიზნეს, ერთი 25-ვაზნიანი კოლოფი კი (�ფიოჩი�, �ერისი�) 8-12 ევრო ღირს...

და მაინც ნუგეშია, რომ ყინული დაიძრა.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საინტერესო სტატია "ლელოში"
PostPosted: 04 Jan 2010, 12:49 
Offline
User avatar

Joined: 03 Jun 2007, 07:48
Posts: 4937
Location: თბილისი
ეჰჰჰჰ სამწუხაროდ ეგ სპორტი დიდიხანია მკვდარია ჩვენთან.ისევ უცხოეთიდან უნდა ვინმეს კაი სპონსორის ჩამოყვანა და აღორძინება,მაგრამ მოკიდებს კი ხელს ვინმე მაგ საქმეს.ან თუ მოკიდებს აუბავენ ააქ მხარს.პირიქი თუ არ შეუშალეს ხელი. :( თორე იცოცხლე მაგის სპეციალისატები ბევრი გყვავს ღმერთმა დიდხან აცოცხლონ.

_________________
Skype Me™! MERKEL 201E, ko-44.
"შინმოუსვლელი ბათინკი" - ინდიელთა მეგობარი!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საინტერესო სტატია "ლელოში"
PostPosted: 04 Jan 2010, 13:26 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10940
Location: თბილისი
Don Otari
წაიკითხე სტატია??


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საინტერესო სტატია "ლელოში"
PostPosted: 04 Jan 2010, 13:58 
Offline
User avatar

Joined: 03 Jun 2007, 07:48
Posts: 4937
Location: თბილისი
ბერო wrote:
Don Otari
წაიკითხე სტატია??



კი ბოლომდე.

და ღმერთმაც ქნას რო ჩვენ თუ არა ჩვენი შვილები მოესწრონ მაგ კეთილ საქმეს.

_________________
Skype Me™! MERKEL 201E, ko-44.
"შინმოუსვლელი ბათინკი" - ინდიელთა მეგობარი!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საინტერესო სტატია "ლელოში"
PostPosted: 28 May 2013, 15:18 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7197
http://sportall.ambebi.ge/sport/individ ... ebath.html

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 5 posts ] 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge